KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია თემაზე – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა წაიკითხა.
საჯარო ლექციაზე რამაზ ბოჭორიშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობილ მათემატიკის ფუნდამენტურ კონცეფციებზე – წრფესა და მანძილზე გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანურ სწავლებაში და ინტენსიურად გამოიყენება KIU-ს სასწავლო კომპონენტში ინტეგრირებულ სტუდენტურ პროექტებში. პროფესორმა სტუდენტებთან ერთად ახალგაზრდებს ილუსტრაციის სახით გააცნო ზოგიერთი პროექტი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა KIU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამის - „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ შესახებ.
შემეცნებით საჯარო ლექციას სამეგრელოს რეგიონის IX-XII კლასების 200-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას.