ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მასპინძლობს რენის INSA-ს გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მუნირ ჰადუს, რომელიც მიმდინარე სემესტრში KIU-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კითხულობს ლექციებს სასწავლო კურსზე: „რჩეული თემები ოპტიმიზაციის მეთოდებში“ (არადიფერენცირებადი ოპტიმიზაცია და მისი გამოყენებები მანქანურ სწავლებაში).
ვიზიტის ფარგლებში KIU-ში გაიმართა მინი ვორქშოპი, რომელიც KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ გახსნა. შეხვედრას დაესწრო KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი და მათემატიკის სკოლის აკადემიური პერსონალი.
რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას, 6 ფრანგულ და 4 უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
სწავლის პროცესში სავალდებულოა საზღვარგარეთ სწავლა, მინიმუმ ერთი სემესტრის განმავლობაში. კურიკულუმი ასევე ითვალისწინებს სავალდებულო სტაჟირებას. რენის INSA-ს გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტი თანამშრომლობს 100-ზე მეტ ფრანგულ და საერთაშორისო კომპანიასთან, სადაც სტუდენტებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.
ვორქშოპის მთავარი მიზანია INSA-ს მდიდარი გამოცდილების გაზიარება, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობების განხილვა. ასევე, პერსპექტივაში, შესაბამისი პროგრამების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობა.
KIU აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.