ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაზღვევის ბაზარზე არსებული გამოწვევების, აქტუარების როლის, სექტორის სტრუქტურისა და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა გახსნეს KIU-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა პაატა ტურავამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა.
სტუდენტებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: აქტუარის როლი დაზღვევაში, დაზღვევის ტიპები, დაზღვევის ბაზრის მიმოხილვა, სადაზღვევო კომპანიები და მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, დაზღვევის ზედამხედველობა და კანონმდებლობა. მათ ასევე, შეიტყვეს აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის და მათი წევრებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა და KIU-ს რექტორის მოადგილემ პაატა ტურავამ გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე, მათ შორის, დაზღვევის მიმართულებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ერთობლივ განხორციელებაზე.
უახლოეს ხანში მხარეებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დაზღვევის სფეროში სტუდენტების პროფესიული განვითარების გარდა, ასევე ითვალისწინებს სტაჟირების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას და ხელშეწყობას, უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.