ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში, პირველად, აჭარის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საბავშვო უნივერსიტეტის მიმართ გამოხატული ინტერესისა და პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მოსწავლეებს საჯარო ლექცია თემაზე – რამდენია “ბევრი”? - KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ნადარეიშვილმა წაუკითხა. ლექციის განმავლობაში პროფესორი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება უსასრულობაზე განეზოგადებინა და გაეცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა უფრო დიდი და პატარა უსასრულობები.
შემეცნებით საჯარო ლექციას აჭარის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 200-მდე მოსწავლე დაესწრო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა, აჭარის რეგიონის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის ახალგაზრდებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.