საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.
ალექსანდრე წულაძემ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, თემატური ბანაკების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად მინისტრისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და ამასთანავე, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები აქტუალურ თემებზე.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ თემატურ ბანაკებს მასპინძლობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ბანაკი რვა ნაკადად იმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის 1000-მდე მოსწავლე მიიღებს. საბანაკე პროგრამა 4 დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.
ბანაკის მიზანია: არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია-წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.
ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ისეთი თემების განხილვას, როგორებიცაა: გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი, მედიაცია და კონფლიქტების მართვა, ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიები.
თემატური ბანაკები სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმდა.