KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

 20/12/2024

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ლექცია თემაზე „როგორ შევიცვალო აზრი?“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი ნადარეიშვილმა წაიკითხა.

საჯარო ლექციაზე გიორგი ნადარეიშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, გავრცელებულ მცდარ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დასკვნის გაკეთების პროცესში, მონაცემის სიხშირის უგულებელყოფას გულისხმობს. ასისტენტ-პროფესორმა კონკრეტული მაგალითი განიხილა, განტოლებისა და მათემატიკური მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მონაწილეებს ნათლად დაანახა გარკვეული მოსაზრების განახლების გზები, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

 

შემეცნებით საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ლექციის დასრულების შემდეგ, უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა მოსწავლეებისთვის STEM მასტერკლასი თემაზე – „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“ გამართეს.

მასტერკლასის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, ახალგაზრდებში STEM განათლების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ მათთვის პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პროექტი – „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი‘‘ ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.     

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

 


სხვა სიახლეები