ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სტუდენტური ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
გრანტით დაფინანსების მიზნით, განაცხადების წარდგენა KIU-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, სტუდენტების ჯგუფს, სტუდენტურ კლუბს ან სტუდენტურ გაერთიანებას შეუძლია.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, მეილზე: sgp@kiu.edu.ge
პროექტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ერთი პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 12,500 ლარს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით (20%). მისასალმებელია პროექტები, რომლებსაც ექნება თანადაფინანსების კომპონენტი.
სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო პროგრამა სხვადასხვა კატეგორიის პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს:
• სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები;
• სტუდენტური საგანმანათლებლო პროექტები;
• სტუდენტების ჯგუფის მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტები.
სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიერ დადგენილი კრიტერიუმები:
• პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში მონაწილეობა უნდა შეეძლოს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს;
• პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების სამუშაო ენა უნდა იყოს ინგლისური ან ინგლისური და ქართული, გარდა უცხო ენების კლუბებისა;
• აქტივობა/ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სტუდენტების აკადემიური და პროფესიული უნარების ამაღლებას და განვითარებას;
• სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად მხოლოდ ორი პროექტის წარდგენაში, ხოლო პროექტის კოორდინატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ პროექტში.
პროექტის წარდგენის წესი:
• საპროექტო განაცხადი, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია პროექტის საინიციატივო ჯგუფის შესახებ, პროექტის მიზანი, პროექტის აღწერა და დასაბუთება, პროექტის შესრულების გეგმა და გრაფიკი, მოსალოდნელი შედეგები, პროექტის ბიუჯეტი;
• პროექტის კოორდინატორისა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა რეზიუმეები;
• პროექტის წარდგენა შეიძლება როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე;
• საპროექტო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sgp@kiu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის, ფონდის სახელმძღვანელო დოკუმენტის და ფორმების მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: sgp@kiu.edu.ge
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების 20-მდე სტუდენტური პროექტი განხორციელდა, რომლებიც ორიენტირებული იყო ინკლუზიური საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაზე, სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული უნარების ამაღლებაზე, სპორტულ, შემოქმედებით, კულტურულ და კვლევით პროექტებში ჩართვაზე. განხორციელებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს.
