ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების" ტრენინგკურსი მეორე ნაკადმა წარმატებით გაიარა. სწავლების მეორე ეტაპზე გადამზადდა 70-მდე პირი, რომელთაგან 56% ქალები იყვნენ. კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის მსურველთაგან 30%-ს დასაქმებულები წარმოადგენდნენ. მათი უმეტესობა მუშაობს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების" საბაზისო კურსი ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადდა. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.
მაღალი დაინტერესების გამო, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. სწავლების ორივე ეტაპზე ჩართული იყო 135-მდე პირი. პირველმა ნაკადმა ტრენინგი სექტემბერში გაიარა. ჯამში, იგეგმება 400-ზე მეტი მონაწილის გადამზადება, რომლებიც ეტაპობრივად გაივლიან უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ სასწავლო კურსს.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სხვადასხვა დონის კურსის განხორციელება.