ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში ჩეხეთის არქიტექტურის ჯილდოს გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და ჩეხეთის ცენტრის დირექტორმა ივანა ბურსიკოვამ გახსნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჩეხური არქიტექტურის ჯილდოში გამარჯვებული 23 ნამუშევარი, რომლებიც ცენტრის დირექტორმა გააცნო დამთვალიერებლებს.
„მოხარული ვართ, რომ KIU-ს სტუდენტებს, სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს აქვთ საშუალება, გაეცნონ ჩეხეთის კულტურას, გამოფენის შედეგად, მეტი გაიგონ ჩეხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რაც გამოყენებული იქნა აღნიშნული ძეგლების აღსადგენად. დღეს განვიხილეთ, თუ რა სახის თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს ჩეხეთსა და საქართველოს შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ჭრილში“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საკონკურსო ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.
არქიტექტურის ჯილდო არის საკონკურსო შოუ, რომლის მიზანია არქიტექტორების საქმიანობის პოპულარიზაცია. პროექტები ფასდება არა მხოლოდ ესთეტიკური და ტექნიკური თვისებებით, არამედ ცალკეული ობიექტების შექმნის კონტექსტითაც.
წარმოდგენილი გამოფენა არის ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლების განახლების პროექტები, რომლებიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შეირჩა.