საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 9-13 სექტემბერს ქუთაისში იმართება ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI 2023). ოლიმპიადა 9 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, ოლიმპიადის თანაპრეზიდენტები, საორგანიზაციო, სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტების წევრები, კონკურსანტები და მოწვეული სტუმრები.
2023 წლის ოლიმპიადაში მსოფლიოს 24 ქვეყნის 25 გუნდი, ჯამში კი 100-მდე კონკურსანტი მონაწილებს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, 2 გუნდითაა წარმოდგენილი. გუნდები და მათი ლიდერები ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იცხოვრებენ. რამდენიმედღიან კონკურსში ახალგაზრდები სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე იმუშავებენ. გამარჯვებულები 13 სექტემბერს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია, რომელიც 7 წლის წინ დაფუძნდა და წლების განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა. სხვადასხვა დროს EJOI-ის ოლიმპიადაში ქართველმა ახალგაზრდებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. EJOI-ის პირველი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი სწორედ ქართველი - ნიკოლოზ ბირკაძეა.
EJOI ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. 16 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს შეეჯიბრონ, თავიანთი შესაძლებლობები გამოცადონ საინტერესო და რთული ამოცანების ამოხსნის გზით და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ. პირველი ოლიმპიადა 2017 წელს, სოფიაში ჩატარდა. EJOI დაფუძნდა ბულგარეთის პრეზიდენტის, ევროკომისრებისა (განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებებით) და ევროპარლამენტის მხარდაჭერით. პანდემიის პერიოდში ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში იმართებოდა, საქართველომ 2020 წელს უმასპინძლა EJOI-ს. ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კვლავ მიეცა შესაძლებლობა, წელსაც უმასპინძლოს ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ ტურნირს.
ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - EJOI განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს STEM მიმართულების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები.
ვრცლად ოლიმპიადის შესახებ იხილეთ: www.ejoi2023.kiu.edu.ge