ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება დაიწყო. მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული 80 მონაწილე დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ საბაზისო კურსს გაივლის. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.
ტრენინგ კურსი გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა.
მაღალი დაინტერესების გამო, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ საბაზისო ტრენინგ კურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მონაწილეები ტრენინგის დროს KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებელში იცხოვრებენ.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სხვადასხვა დონის კურსის განხორციელება, რომელშიც 400 მონაწილე ჩაერთვება.
KIU-ს შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. მიმდინარე სასწავლო წელს KIU-მ დაამატა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” და სადოქტორო პროგრამა. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით - 1 მილიარდ ევრომდე.