ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსს იწყებს. კურსზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოებაში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ გაივლიან დარგის ქართველი და გერმანელი ექპერტების მიერ მომზადებულ კურსს.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სხვადასხვა დონის კურსის ჩატარება, რომელშიც 400-ზე მეტი მონაწილე ჩაერთვება. ტრენინგკურსის თითოეული დონის დასრულების შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU სერტიფიკატი. ხოლო სამივე დონიდან საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო სასერტიფიკაციო ვაუჩერს „ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ტრენინგკურსში ქალთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ტრენინგკურსის შესახებ
სავარაუდო თარიღები: 2023 წლის 1-6 სექტემბერი (ონლაინ სამუშაოსა და ფინალური გამოცდისათვის გათვალისწინებულია დამატებითი დღეები)
სამუშაო ენა: ინგლისური (A2 დონე); ქართული (C1 დონე)
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საჭიროების შემთხვევაში, KIU უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსებას უნივერსიტეტის საცხოვრებელში.
ტრენინგკურსის კურიკულუმი და განრიგი:
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
მოდული 1: Fundamentals and Threat Landscape
მოდული 2: Infrastructure and Security Assessment
მოდული 3: Web Security and Resilience
მოდული 4: Cloud, Mobile, and Application Security
მოდული 5: Penetration Testing and Forensics
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: სრული განრიგი
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?
განაცხადის გაკეთება შეუძლია კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს: სტუდენტებს, სხვა დარგის სპეციალისტებსა და პროფესიის შეცვლის მსურველებს. აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ სპეციალური ცოდნა კიბერუსაფრთხოებაში.
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ კომპიუტერის საბაზისო ოპერაციების, მათ შორის ფაილების მართვის, პროგრამული აპლიკაციების გამოყენების და ინტერნეტში ნავიგაციის უნარები.
კურსის მასალები და ინსტრუქციები მომზადებულია როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. შესაბამისად, მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ (C1) და ინგლისურ ენებს (A2).
ტრენინგკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციასა და მაქსიმალურ ჩართულობას - საფუძვლიანად აითვისონ სატრენინგო მასალა, დაესწრონ სესიებსა და შეასრულონ დავალებები.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 25 აგვისტო.
შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს
ტელეფონი: +995 598 44 93 55,
ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge