ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, ია მოსაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც STEM მიმართულებით თანამედროვე ციფრული დიზაინისა და ჩაშენებული სისტემების სასწავლო კურსები დანერგა საქართველოში. ის 2008-2010 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით სწავლობდა გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც შესწავლილი კურსები წარმატებით განახორციელა საქართველოში. მისი ორგანიზებით მოეწყო ციფრული სისტემების და დისტანციური ლაბორატორიები. 2022 წლიდან ის გერმანიის, კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე უძღვება მოსამზადებელ, ინტენსიურ კურსს: ციფრული სქემების დაპროექტება რეგისტრების გადაცემის დონეზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო) უძღვებოდა საგნებს კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.


ია მოსაშვილი სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან და  გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ია მოსაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადოქტორო დისერტაცია კომპიუტერული ინჟინერიის და კომპიუტერული სისტემების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით ორმა ქართველმა სტუდენტმა მოამზადა და დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ია მოსაშვილის მენტორობით სტუდენტები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში და იკავებენ საპრიზო ადგილებს, მათ შორისაა: საერთაშორისო სიმპოზიუმები, სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსები, სამეცნიერო-საინოვაციო კონკურსები (STEM მიმართულების start-ups ).


ია მოსაშვილი 2008 წლიდან ჩართულია საერთაშორისო პროგრამებში და დღემდე განხორციელებული აქვს როგორც ევროკაშირის, ასევე აშშ-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელებული პროექტები. აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტების ფარგლები ჩატარებული აქვს ტრენინგები და ვორქშოპები გერმანიაში, ლიეტუვაში, იტალიაში, სლოვაკეთში, საბერძნეთში, თურქეთში, სასომხეთში. 2018 წელს ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო.


2017 წლიდან ია მოსაშვილის არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი. 2025 წელს მან მიიღო ინდივიდუალური აღიარება, როგორც ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა ოქროს სიის (ათეულში) წარმომადგენელმა. მას აქვს ამერიკული (აბეტ აკრედიტაციის ჯგუფთან,აშშ) პროგრამების აკრედიტაციის მიზნით თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპული აკრედიტაციით ერთობლივი პროგრამების შემუშავებაში. ია მოსაშვილი, 2024 წლის სექტემბრიდან  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერია და აქტიურად მუშაობს KIU-ს პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზე.

ია მოსაშვილის სასწავლო და სამეცნიერო ინტერესები ფარავს სფეროებს: ციფრული სისტემები და მათი დიზაინი, კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა, ჩაშენებული სისტემები, ნივთების ინტერნეტი, კომპიუტერული სისტემები.