ნინო დემეტრაშვილი არის ასოცირებული პროფესორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში. მისი აკადემიური გამოცდილება და კვლევითი ინტერესები ზოგადად მოიცავს სტატისტიკას, ბიოსტატისტიკას და მონაცემთა მეცნიერებას.
მას დოქტორის ხარისხი მიენიჭა ბიოსტატისტიკის სპეციალიზაციით ნიდერლანდებში მდებარე გრონინგენის უნივერსიტეტში, გრონინგენის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში, 2015 წელს. მისი სადისერტაციო ნაშრომი ფოკუსირებული იყო დისპერსიული კომპონენტების მოდელებში სტატისტიკურ დასკვნებზე და სტატისტიკური სწავლების მეთოდებზე, ბიოსამედიცინო გამოყენებებით. ის, ასევე, მუშაობდა გერმანიის ქალაქ პენზბერგში მდებარე "როშე დიაგნოსტიკში" ბიოსტატისტიკის პოსტდოქტორანტ მკვლევარად, სადაც მისი კვლევა მოიცავდა სხვადასხვა საზომ ხელსაწყოებზე დიაგნოსტიკური ტესტების ხარისხის უზრუნველყოფისთვის საჭირო სტატისტიკური ჩარჩოს შექმნას.
მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ნაშრომი უკავშირდება დისპერსიული კომპონენტებისაგან შემდგარი ფუნქციებისთვის ნდობის ინტერვალების აგებას. ამ თემასთან დაკავშირებით მან გაიმარჯვა კონკურსში და 2018 წელს საერთაშორისო ბიომეტრიის კონფერენციაზე მოაწყო მოწვეული სესია სახელწოდებით: „დისპერსიული კომპონენტების ფუნქციები შერეული ეფექტების მოდელებში: შეფასება, ნდობის ინტერვალები, ჰიპოთეზის ტესტები და საზღვრების საკითხები.”
ნინო დემეტრაშვილი არის ავტორი და თანაავტორი რეცენზირებული სამეცნიერო პუბლიკაციებისა, რომლებიც მომზადებულია კანადის, ნიდერლანდების, საქართველოსა და გერმანიის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. მისი ინტერდისციპლინური მიდგომა საშუალებას აძლევს მას, მჭიდროდ ითანამშრომლოს სტატისტიკის ფარგლებს გარეთ მომუშავე სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, როგორიცაა ბიოლოგები, კლინიცისტები, ჯანდაცვის მკვლევრები და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტები.
დოქტორ დემეტრაშვილს აქვს 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აკადემიურ სფეროში, ინდუსტრიასა და საჯარო სექტორში, რის შედეგადაც მან შეიძინა ექსპერტიზა და კომპეტენცია სტატისტიკის, ბიოსტატისტიკისა და მონაცემთა მეცნიერების მეთოდოლოგიებსა და გამოყენებებში. KIU-ში მუშაობის დაწყებამდე, ის ემსახურებოდა კანადის ჯანდაცვის უწყებას (Health Canada) უფროსი (მარეგულირებელი) ბიოსტატისტიკოსის პოზიციაზე, სადაც ევალებოდა მედიკამენტების კანადის ბაზარზე ავტორიზაციისთვის წარდგენილ განაცხადებში სტატისტიკური კომპონენტების კრიტიკული შეფასება და ანალიზი, მარეგულირებელი სახელმძღვანელოების შემუშავება. შედეგად, მან მიიღო ღრმა ცოდნა მედიკამენტების განვითარების სრული ციკლის შესახებ.
მას აქვს სწავლების გამოცდილება სხვადასხვა აკადემიური განათლების მქონე სტუდენტებთან, მათ შორის, სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მედიცინის დარგებიდან.
მისი აკადემიური და კვლევითი ინტერესების სფეროებია სტატისტიკა, ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი (ზოგადად); მოწინავე სტატისტიკური მოდელირება; სტატისტიკური და მანქანური სწავლება; კლინიკური კვლევების დიზაინი და ანალიზის მეთოდები; სტატისტიკური მეთოდოლოგიები ფარმაკომეტრიაში, ეპიდემიოლოგიაში, დიაგნოსტიკური ანალიზების ვალიდაციაში; სტატისტიკური ბიოინფორმატიკა და სხვა. მისი ამჟამინდელი კვლევა ფოკუსირებულია სტატისტიკური და მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებასა და შემუშავებაზე საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში და მედიცინის სხვა სფეროებში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.