ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 23/12/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, კულტურული, და რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

პარტნიორობის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტების ჩართულობით, განხორციელდება ერთობლივი სტარტაპ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას. თანამშრომლობა ითვალისწინებს, სტუდენტური ცხოვრების, კულტურული და სასპორტო მიმართულებებით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას. ასევე მემორანდუმის თანახმად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.