ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა

 12/12/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის – „Touch Summit‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – სემინარები, პანელური დისკუსიები, ვორკშოფები და ნეთვორქინგ სესიები ჩატარდა, რომლებშიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას  – ტექნოლოგია, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წამყვანი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებისგან, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, მიეღოთ საჭირო ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ტექ-კონფერენციაზე „Touch Summit‘‘ წარმოდგენილნი იყვნენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა – Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და სხვა.

TOUCH 2022-ის მთავარი თემები იყო: Tesla AI-ზე დაკვირვება, კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება, ფოკუსი დესტრუქციებზე, მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, Human Machine Interface‘‘ – წარსული, აწმყო, მომავალი, ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები, Reverse Engineering‘‘-ის გაცნობა, iOS სისტემის უსაფრთხოება, მოდის ინდუსტრია მეტავერსში – დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია, კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში და სხვა.

ტექ-კონფერენციას სტუდენტებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და ამავე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

 


 

სხვა სიახლეები