ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გასული გუნდები დააჯილდოვა

 02/12/2022

29 ნოემბერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.  რექტორმა სპეციალური პრიზებით და ტაბლეტებით დააჯილდოვა ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების - Nos Vincere და GrassTech წევრები. KIU უკვე მესამე წელია, რაც მხარს უჭერს კონკურსს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფინალისტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, სწავლისა და კამპუსში ცხოვრების სრული დაფინანსებით ისარგებლებენ. 

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გახდა - LIGGA. მათ მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრების შესაძლებლობა მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გასული გუნდი - „Firelink“, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასული გუნდის - „Mad Scientist” წევრებს კი ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.

გუნდი „Atemporal” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები პოლონეთში EPAM Garage ტექნოლოგიების ბანაკს დაესწრებიან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას, დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ.

 


სხვა სიახლეები