ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ გაიხსნა

 13/09/2022

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული ხიდი“ საზეიმოდ გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის სამეცნიერო ნაწილის თემაა - ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა (Health, as a Global Challenge). ამ მხრივ წარმოდგენილი იქნა ლექციები ნეირომეცნიერების, კიბოს მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.

კონფერენციის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ონლაინფორმატში მიესალმა. მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ადრონული თერაპიის ცენტის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა.

,,სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ კონფერენციას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.  - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. (ვრცლად იხილეთ: https://www.mes.gov.ge/content.php?id=13141&lang=geo)

კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: იულიხის მეცნიერებების ცენტრის, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

,,დღეს ქუთისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის კონფერეცია. სტუმრად არიან გერმანიის წამყვანი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე უნივერსიტეტის საერთაშრისო მრჩეველთა საბჭოს წევრები და საშუალება გვექნება მათთან ერთად განვიხილოთ არა მხოლოდ სამეცნიერო მიმართულებები, არამედ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა.“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

2022 წლის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონფერენცია KIU-ში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით. აღსანიშნავია ევროპის ონკოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ რობერტო ორეკიას საჯარო ლექცია, რომელიც ადრონული თერაპიისა და ზუსტი ონკოლოგიის პერსპექტივებს ეხება.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის პარალელურად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე იმსჯელეს უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტებზე.