კამპუსის ტური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

 28/04/2022

 

27 და 28 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კამპუსის ტური ჩატარდა. ტურში მონაწილეობა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, აბიტურიენტებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში უნივერსიტეტს 250-მდე ვიზიტორი ეწვია. სტუმრებს KIU-ს ელჩებმა უმასპინძლეს და თანატოლებს უნივერსიტეტში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება გაუზიარეს. ტურის მონაწილეებმა აუდიტორიები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო, საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები, კაფეტერია, საერთო სამუშაო ოთახები, მიურალები, სტუდიოს ტიპის ნომრები, კინოდარბაზი, თამაშების ოთახი, სასპორტო დარბაზი დაათვალიერეს. ტურის ფარგლებში სტუმრებმა საბაკალავრო პროგრამების, გრანტების ფონდის, საგანმანათლებლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ღია კარის დღეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პერიოდულად ტარდება, მსგავს ტურს KIU მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე კვლავ განახორციელებს.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).