KIU-ში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 17/04/2022

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ., ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“.

15 და 16 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი პროექტში ჩართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის. ტრენინგში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული იყო 46 საწარმო. შეხვედრა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ გახსნა, მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) განვითარებისთვის.

„2 წლის წინ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და TUM International GmbH-თან ერთად შევიმუშავეთ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამ პლატფორმის ფარგლებში განვახორციელეთ არაერთი შეხვედრა მსხვილ კომპანიებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შეხვედრების მიზანი გახლდათ, გამოგვეკვლია რა სახის საჭიროებები აქვს ბიზნესს ადამიანურ კაპიტალთან მიმართებით, რა გამოწვევების წინაშე დგას და რა სახის სპეციალისტები სჭირდება. ჩავატარეთ საინტერესო სემინარებისა და ვორქშოპების სერია. შედეგად, დავაფუძნეთ ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო. ამ ჭრილში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებთან (MSMEs) თანამშრომლობა. ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ ყველა კომპანიას და იმედი მაქვს, რომ KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი გადაწყვეტები მათთვის იქნება სასარგებლო“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ პროექტის ხელმძღვანელები, KIU-ს ფაკულტეტების დეკანები ნათია ზედგინიძე და რამაზ ბოჭორიშვილი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადამიანის რესურსების განვითარების  კომპონენტის ხელმძღვანელი ნათია ვეფხვაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული KIU-ს აკადემიური გუნდი, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალი.

ამჟამად მიმდინარეობს პროექტის II კომპონენტზე მუშაობა. II კომპონენტი ეფუძნება სტუდენტების მიერ პროექტის I კომპონენტში ჩატარებულ კვლევას, რომელზე დაყრდნობითაც შეირჩა 46 კომპანია. კომპანიებთან კომუნიკაციის და მათი აქტიური ჩართულობის შედეგად, სტუდენტებმა და პროექტის ი.ს.ტ. ტრენერების გუნდმა გამოკვეთეს გარკვეული ICT საჭიროებები, რაც საწარმოებს დაეხმარებათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში. აღნიშნულ საჭიროებებზე დაყრდნობით, სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ი.ს.ტ. ტრენერების გუნდის მიერ,  შემუშავდა ICT გადაწყვეტები ბიზნესებისთვის, რომლის დანერგვასაც ასევე უფასოდ შესთავაზებს გუნდი კომპანიებს პროექტის ბოლო ფაზაში. კომპანიებს სულ წარედგინათ 5 სხვადასხვა ტიპის პროექტი, საწარმოების წარმომადგენლებმა კი თავად აირჩიეს თავიანთი ბიზნესის მოთხოვნების შესაბამი პროდუქტი.

პროექტის შემდეგ ეტაპზე მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები „სკრიპტინგის ენების“ კურსის ფარგლებში, პროფესორისა და სწავლების ასისტენტების მენტორობით, გააგრძელებენ კომპანიების მიერ არჩეულ პროდუქტებზე მუშაობას.

პროექტის - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ.) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური  ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ელექტრონული ვაჭრობის ისეთი ინოვაციური  გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში. შედეგად, საქართველო დაიკავებს წამყვან ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU ამჟამად ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატებას.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH და TUM). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram

 

 


<

სხვა სიახლეები