KIU-ში ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა

 14/01/2022

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის  „მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და KIU-ს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

ზამთრის სკოლა KIU-ში 10-დან 14 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა დამამთავრებელი კლასის (XI -XII) 40 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის: თბილისიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან შეირჩა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასრულდა ზამთრის სკოლა. სკოლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ქართველი და უცხოელი პროფესორებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს, იმისთვის რომ ახალგაზრდებმა შეხედონ რაში შეიძლება მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების გამოყენება და, ასევე სამომავლოდ აირჩიონ ის პროფესია, რომელშიც ისინი იქნებიან წარმატებულნი“, - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს ლექციები წაუკითხეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მეცადინეობა ჰიბრიდული მოდელით - ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა.

„ჩემი აზრით, ის გამოცდილება, რაც ზამთრის სკოლამ მოგვცა თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა მიიღოს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებმა საერთოდ არ იციან, რა არის რეალური სტუდენტური ცხოვრება, აქ სწავლით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც მართლა დაგვეხმარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი KIU-ს გუნდს, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა. აქ გატარებული დღეები იყო საოცარი“, - აღნიშნა ქ. ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ ნანი გოდაძემ.

ზამთრის სკოლა ინიცირებულია KIU-ს მიერ შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება ფონდისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. სკოლის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე საკითხები და მათი გამოყენებები ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.

სხვა სიახლეები