KIU-ს რექტორმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გასული 3 გუნდი დააჯილდოვა

 13/01/2022

მიმდინარე წლის 12 იანვარს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ. მოგეხსენებათ, რომ KIU უკვე მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ კონკურსს. უნივერსიტეტმა სპეციალური პრიზებით, ტაბლეტებით დააჯილდოვა ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები: Wip, ხელმარჯვე ოსტატები და Qminds.


ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი - აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება გუნდმა „ელფებმა“ პროექტით, „კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება“ მოიპოვა. გუნდში ხუთი მოსწავლეა - ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მიქაძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მაღრაძე (სკოლა „აია-GESS“) და გეგა ხაჩიძე (ვ. კომაროვის N:199 საჯარო სკოლა). პროექტის მიზანია დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდა, დანადგარის საშუალებით, რომელიც ახდენს ჰაერში მყოფი სხვადასხვა მოლეკულების იონიზაციას.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება კომაროვის თბილისის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს „სმარტ კოსტიუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით, რომელიც აფიქსირებს ადამიანის სხეულის მოძრაობას და ამოძრავებს კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით. „სმარტ კოსტიუმს“ შეუძლია სამედიცინო რეაბილიტაციაში ადამიანების დახმარება, რომლებსაც გადატანილი დაავადების ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „Goal Diggers”, რომელიც შედგება გორის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.