„მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ - KIU-ში ზამთრის სკოლა ტარდება

 11/01/2022

მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა -  „მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ ტარდება.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობას იღებს დამამთავრებელი კლასის (XI -XII) 40 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის: თბილისიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან შეირჩა.

სკოლა გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის შესახებ.

სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველი და უცხოელი პროფესორები, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მეცადინეობა ჰიბრიდული მოდელით - ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.

ზამთრის სკოლა ინიცირებულია KIU-ს მიერ შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება ფონდისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. სკოლის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე საკითხები და მათი გამოყენებები ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.

ზამთრის სკოლის მონაწილეებს KIU-ს ელჩებმა (უნივერსიტეტის სტუდენტები) საინფორმაციო ტური მოუწყვეს და საუნივერსიტეტო ქალაქი დაათვალიერებინეს.

14 იანვარს გაიმართება ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია, რომლის ფარგლებში  მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და KIU-ს სასაჩუქრე პაკეტები.