KIU-მ გერმანიის ელჩის მოადგილეს ტანია ჰუტს უმასპინძლა

 30/11/2021

 

გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე და KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის საქმიანობას, მიღწევებს, სამომავლო გეგმებს. დაათვალიერეს აკადემიური, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას აღრმავებს. მოგეხსენებათ, KIU-ს პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). KIU-ში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცათ სასწავლო პროგრამით TUM-სა და ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში რამდენიმე კვირით გამგზავრებულიყვნენ. ახალგაზრდები ახლაც გერმანიაში იმყოფებიან და გერმანელ თანატოლებთან ერთად სწავლებაში არიან ჩართულნი.