უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

 16/11/2021

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ KIU-ს რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი.

შეხვედრისას სტუმრები გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას, აკადემიურ პროგრამებს, მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი. ვიზიტის მიზანი გახლდათ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების დამყარება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფება უნგრეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ანა შიკო. ჩვენთვის დიდი პატივია მისი ვიზიტი. ვისაუბრეთ იმ აკადემიური თანამშრომლობის განზომილებებზე, რომლის განვითარებაც შესაძლებელია საქართველოსა და უნგრეთს შორის - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ დღეს პირველად ვიმყოფები ქუთაისში, როგორც უნგრეთის ელჩი. ჩემთვის დიდი პატივია ქუთაისში ყოფნა. ჩამოვედი, რათა მქონდეს შესაძლებლობა ვითანამშრომლო ქუთაისთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. უნგრეთს საქართველოსთან მრავალწლიანი პოზიტიური ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, ვცდილობთ გავუზიაროთ ბოლო წლების გამოცდილება ევროპის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით. ეს ვიზიტი ამ პროცესის ნაწილია, ამიტომაც დღეს მე პირველად ვეწვიე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ.