ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის წარმატებული ვიზიტი სამხრეთ კორეაში გრძელდება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ფიფია ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტს (სამხრეთ კორეა) ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის გრძელვადიანი საგანმანათლებლო, აკადემიური და ინოვაციებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
KIU-ს დელეგაცია შეხვდა ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის პრეზიდენტს ლიუ ინ-ჯეს, საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული მიმართულების დირექტორს ჰონგ ჯინ-ბეს და სამეცნიერო-კვლევითი, ბიზნეს ფონდის, სამეწარმეო და ინოვაციის ცენტრის ხელმძღვანელებს. შეხვედრას დაესწრნენ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასკუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი.
მხარეებმა თანამშრომლობის სხავადასხვა ფორმატი განიხილეს, მათ შორის: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს კულტურათაშორისი განათლებისა და საერთაშორისო აკადემიური მობილობის გაძლიერებას. გარდა ამისა, დაიგეგმება ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებებით.
მომავალი თანამშრომლობა მოიცავს სამეწარმეო პროგრამების ერთობლივ მხარდაჭერასაც. KIU, სამხრეთ კორეის წამყვან ინდუსტრიულ-ინოვაციურ პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორებიცაა: ინოვაცია, სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიები. აღნიშნული მიმართულებების გაძლიერება განამტკიცებს KIU-ს მისიას, ჩამოყალიბდეს რეგიონში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამეწარმეო ჰაბად. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით KIU-ს ეწვევიან.
ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც სონგდოს საერთაშორისო ბიზნეს უბანში მდებარეობს, სამხრეთ კორეაში მასშტაბით მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის განსაკუთრებით ცნობილია ინჟინერიის, მეცნიერების, ბიზნესისა და ინოვაციების მიმართულებებით და აქტიურად არის ჩართული კორეის გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში.
ქართულმა დელეგაციამ სამხრეთ კორეაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. KIU-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა (IFEZ), გაეცნენ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი არქიტექტურული კომპანიის - Junglim Architecture საქმიანობას და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
