ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აგრძელებს აზიის მასშტაბით სტრატეგიული პარტნიორების ქსელის გაფართოებას. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ფიფია სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ კომპანიას - Junglim Architecture ესტუმრნენ და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ვახტანგ ცაგარელმა კორეულ მხარეს გააცნო უნივერსიტეტის მზარდი ეკოსისტემა, კამპუსის განვითარების ხედვა და განათლებისა და მეწარმეობის სინერგიული გარემოს ჩამოყალიბების კონცეფცია. Junglim Architecture-ის წარმომადგენლებმა მაღალი დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროცესის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ და გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება KIU-ს კამპუსზე ინოვაციური სივრცეების შექმნაში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.
KIU-სა და Junglim Architecture-ის თანამშრომლობა დაიგეგმება მრავალმხრივი მიმართულებით და მოიცავს როგორც უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, მასტერკლასები, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს და ხელს შეუწყობს KIU-ს პოზიციონირებას საერთაშორისო დონეზე.
გარდა ამისა, კომპანია Junglim Architecture აქტიურად ჩაერთვება KIU-ს გრძელვადიანი სივრცითი და მეწარმეობის განვითარების გენერალური გეგმის დაპროექტების ნაწილში, რაც უნივერსიტეტის ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატების შემუშავებასა და საპილოტე პროექტების მოდელირებაზე.
კომპანია Junglim Architecture 1967 წელს დაფუძნდა და ის ცნობილია როგორც კორეაში, ისე საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ათასზე მეტი მასშტაბური პროექტით. კომპანიის მუშაობა ეფუძნება „სრული დიზაინის“ მიდგომას, რომელიც აერთიანებს სივრცის დაგეგმარებას, ფუნქციურ ლოგიკას, მდგრადობას და დიზაინს.
