11 ნოემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების IP ექსპერტთა პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა. მან საქპატენტის წარმომადგენლებს სტუმრობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობაზე, რომელიც WIPO-ს და საქპატენტის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა. საინფორმაციო და შემეცნებით შეხვედრას აღნიშნული სამაგისტრო პროგრამისა და სხვა ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები დაესწრნენ.
მაგისტრანტები გაეცნენ საქპატენტის ექსპერტების საქმიანობას, მათი მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ: ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებსა და სამართლებრივ პროცედურებს.
ინტელექტუალური საკუთრების (IP) ექსპერტები მუშაობენ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებში, სადაც ისინი განიხილავენ პატენტის, დიზაინის, სასაქონლო ნიშნისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადებს. მათი ამოცანაა განსაზღვრონ, აკმაყოფილებს, თუ არა თითოეული განაცხადი სამართლებრივ მოთხოვნებს, შესაბამისი დაცვის მისაღებად.
შეხვედრაზე საქპატენტის თანამშრომლებმა განიხილეს ამოცანები, რომლებიც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტის პროფესიულ მნიშვნელობაზე.
